გაგრის მოსახლეობას რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი არ მოსწონს. გაგრის რაიონის საზოგადოებამ ბზიფში სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მეკავშირეობასა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების პროექტი განიხილა.
შეხვედრაზე სოფელ ბზიფისა და გაგრის რაიონის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტია ,,ამცახარას" გაგრის განყოფილების წევრები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ისინი დადებითად არიან დამოკიდებული ჯერ კიდევ 2008 წლის 17 სექტემბერს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ და ძალიან აფიქრებთ, ძველი ხელშეკრულების ვადების ამოწურვამდე, ახალი პროექტის შეთავაზება, რომლის ზოგიერთი მუხლი აფხაზეთის კონსტიტუციურ ნორმებს არ შეესაბამება.
მათი აზრით, ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენული ინტერესებს და აფხაზების მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს ზღუდავს.
ეს ეხება ისეთ მუხლებს, როგორიცაა ,, რუსეთის ფედერაციის ეგიდით აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნა," ,, რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული საბააჟო ორგანოს დაარსება, რომელიც რუსეთის აღმსარულებელ ხელისუფლებას დაექვემდებარება," ,,მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესები" და სხვა მრავალი.
ბზიფში შეკრებილმა აფხაზებმა დაასკვნეს, რომ რუსეთთან ხელშეკრულების ახალი პროექტი მხოლოდ ორივე მხარისთვის მისაღები და თანაბარი პირობებით უნდა დამტკიცდეს.