სოხუმში მომხდარი ფაქტის გამოძიებას ხაჯიმბა პირად კონტროლზე აიყვანს , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელიც ე. წ. პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას ცემის გამო მოიწვიეს.
,,ასეთი ფაქტები სიმპტომატურ ხასიათს ატარებს. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციულად და თავხედურად არღვევენ კანონს. ხელისუფლება მსგავს ქმედებებზე წლების განმავლობაში არ რეაგირებდა, რამაც უკანონობისა და დამნაშავეობის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, ამ ფაქტის გამოძიებას პირად კონტროლზე ვიყვან" - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ დეკორაცია არ არის და მათ რეალური ძალა უნდა გამოავლინონ. ხოლო თუ ვინმეს დაკისრებულ მოვალეობაზე თავისგართმევა არ შეუძლია, უმჯობესია, სამსახური დატოვოს.
,,მოვითხოვ, რომ თითოეულმა თქვენგანმა თქვენს ხელთ არსებული ყველა ძალა გამოიყენოთ და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროთ. ვერ მოვითმენ, რომ დამნაშავეებმა თავიანთი ცხოვრების წესი მოსახლეობას მოახვიონ თავს.
ყველა უნდა ჩავსვათ კანონის ჩარჩოებში. კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და მის გარდა სხვა ,,მაყურებლები" ჩვენს ქვეყანაში არ იქნებიან." - გამოუცხადა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს რაულ ხაჯიმბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა 16 ნოემბერს გაიმართა.