ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის პროკურატურამ 16 ნოემბერს, ე. წ. პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმისა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გამოძიება ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, განზრახ ძალის გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 15 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.
ბესლან ბუთბა ოჯახთან ერთად, დაცვის გარეშე, საკუთარი ტრანსპორტით არძინბას ქუჩაზე (ყოფილი კიროვის ქუჩა, რომელსაც ომის შემდეგ აიააირას ანუ გამარჯვების ქუჩა ერქვა, მოგვიანებით აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის სახელი დაარქვეს) მოძრაობდა, როცა ოტელ ,,ოლიმპის" წინ ,,ოპელის" მარკის ჯიპმა გზა გადაუჭრა. მანქანიდან გადმოსულმა მთვრალმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თავდამსხმელები აფხაზურმა მილიციამ ეშერას პოსტთან დააკავა. ესენი აღმოჩნდნენ აფხაზეთის მკვიდრები: ახრა ენნიკი და ინალ ავიძბა.
დაკავებულები ამჟამად სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და მათი დანაშაულის მოტივი ირკვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახრა ენნიკი აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის თანამშრომელია.
მასალის გამოყენების პირობები