ბრიუსელში მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მინისტრი ბელგიაში საბერძნეთიდან ჩავიდა, სადაც იგი ელჩის თანამდებობას იკავებდა.
ბაქრაძე ღარიბაშვილთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას დაესწრება.
„ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა იმართება საქართველო ევროკავშირის, სადაც საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას გავცვლით ევროკავშირთან გაწეული სამუშაოს შესახებ. გაკეთდება კომენტარები ორივე მხრიდან, დაისახება მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ასევე ორმხრივი შეხვედრები იგეგმება ხვალ, ზეგაც, პრემიერი გამართავს შეხვედრებს ევრო-კომისრებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესამსახურიდან აცნობეს ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტური განხორციელების მექანიზმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.