ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ განაცხადა, რომ შაბათს მომხდარ ინცინდენტს მასზე განხორციელებულ თავდასხმად არ მიიჩნევს და ჯანმრთელობის მხრივ, არანაირი პრობლემა არა აქვს.
,,ვიმყოფები სახლში, თავს კარგად ვგძნობ და ვთვლი, რომ ის რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა, ეს იყო მთვრალების ბოდვა. მე ცოლ-შვილთან ერთად ავტომანქანით ვმგზავრობდი, როცა მეორე მანქანა დაგვეჯახა, რომელშიც სრულიად მთვრალი ადამიანები ისხდნენ. ეს იყო არა თავდასხმა, არამედ ბანალური ჩხუბი." - აღნიშნა მან.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მანქანაში, რომელიც ე. წ. პრემიერს დაეჯახა საბაჟო კომიტეტის თანამშრომელი და სხვა ორი ადგილობრივი მკვიდრი ისხდნენ. ,,მთვრალი დებოშიორები, უკვე, დააკავეს. მომხდარი ფაქტი კი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი აუცილებელია ჩვენს რესპუბლიკაში დამნაშავეობასთან ბრძოლა. " - განაცხადა ბესლან ბუთბამ.
შეგახსენებთ, შაბათს, გვიან ღამით, გავრცელდა ინფოემაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრ ბესლან-ბუთბაზე სოხუმში თავდასხმა განხორციელდა.