,,ევროპის მოედანზე" მდებარე ერთ-ერთ სკვერს "ტოლერანტობის სკვერი" ეწოდება.
როგორც ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, ამ იდეის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია და აღნიშნული ინიცატივის განხორციელებას დედაქალაქის საკრებულო ხელს შეუწყობს.
,,ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე კი განვითარება და დემოკრატია''-ვკითხულობთ 1995 წლის იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაციაში.
აღნიშნული დოკუმენტი ერთ-ერთია იმ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტთაგან, რომლებიც ტოლერანტობის ანუ განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებელი, დამთმენი დამოკიდებულების მნიშვნელობას განიხილავს და მიუთითებს როგორც არა მხოლოდ მშვიდობის განმტკიცების, არამედ დემოკრატიული წინსვლისა და ადამიანთა სოციალური-ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობაზე.
,,ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის'' თანახმად, ტოლერანტობა მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისის და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა -ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში.
ეს არ არის მარტო პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილება, არამედ საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის ვალიც. საქართველოსთვის, თბილისისთვის არასოდეს ყოფილა უცხო ეს მრავალფეროვნება.
ქალაქში, სადაც სხვადასვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად ვთანაარსებობთ, კარგად ვიცით სხვადასხვა ტრადიციის, ისტორიის, კულტურუს ფასი.
ეს ადგილიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, სწორედ ამისი ნათელი დასტურია. თბილისის ამ ერთ-ერთ უძველეს უბანში ერთმანეთის გვერდიგვერდაა მართლმადიდებლური ეკლესია, სინაგოგა, გრიგორიანული ეკლესია, მეჩეთი თუ კათოლიკური ტაძარი. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას, ვიაროთ ევროპული ღირებულებების გზით, გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იქნება, სადაც ნებისმიერი ადამიანი ღირსეულად ცხოვრებას შეძლებს.
საკრებულო მზადაა, გაზარდოს ჩართულობა დედაქალაქის მართვაში, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჰუმანიზმს, შემწყნარებლობას და მიმღებლობას განსხვავებულის მიმართ.
ამ მიმართულებით ჩვენ ერთად შევქმნით სწორ პოლიტიკას. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო პრემიერის ამ დროულ ინიციატივას და მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, თბილისელებს, ვიყოთ ტოლერანტულები. ეს თვისება ხო ასე ახლობელია ჩვენთვის'',-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დღევნდელ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ევროპის მოედანზე" მდებარე ერთ-ერთი სკვერს "ტოლერანტობის სკვერის" სახელი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები