,,ტოლერანტობა ეს ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არასოდეს დაგვჭირვებია", _ამის შესახებ, პრემიერმა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს და დედაქალაქ თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია.
,,საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია. თბილისი იმ ღირებულებებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის ორგანული იყო უმცირესობების პატივისცემა. ტოლერანტობა ეს ის დემოკრატიული ღირებულებაა, რომლის დასამკვიდრებლადაც ჩვენ დიდი ძალისხმევა არასოდეს დაგვჭირვებია და დარწმუნებული ვარ, არც არასოდეს დაგვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები თბილისში, სულ პატარა უბანში, საუკუნეებია გვერდიგვერდ იდგა და დგას სინაგოგა, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და მართლმადიდებლური ტაძარი. აქ, ჩვენს ქალაქში, ერთ ეზოში, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები, იეზიდები, ასირიელები, რუსები, უკრაინელები და სხვები, რომლებიც მეგობრობდნენ და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. ასე გრძელდება დღესაც და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ - განაცხადა ღარიბაშვილმა.