ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სტრუქტურებისა და აფხაზეთის შესაბამისი სამსახურების დამსახურებით გალის რაიონის საზღვრებთან მშვიდი ვითარებაა შექმნილი.
მისი თქმით, სხვადსხვა ნადიტური ჯგუფები და მათ შორის, ,,თეთრი ლეგიონი" აფხაზეთის მოსახლეობას საფრთხეს კარგა ხანია არ უქმნიან.
,,მართალია, ,,თეთრი ლეგიონი" აღარ არსებობს, მაგრამ დღეს ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ გალის რაიონში ვითარების დაძაბვას შეუწყონ ხელი." - განაცხადა ხაჯიმბამ და აღნიშნა, რომ არც ისე იშვიათად, სწორედ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი პირები ახერხებენ აფხაზეთში კრიმინოგენული ფონის ამაღლებას და გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებასაც ისინი ხელმძღვანელობენ.
,,მსგავსი ქმედებებით ისინი, უპირველესად, ადგილობრივ მოსახლეობაში შიშის დათესვას ცდილობენ. ამავე დროს, სურთ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახონ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ადგილზე ვითარების გაკონტროლებას ვერ ახერხებს.
სამწუხაროა, რომ ასეთ ქმედებებში, არამარტო შემოგზავნილი დივერსანტები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან შემჩნეული, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.
ამ პირების უმეტესობის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები