ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთთან ახალი შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება, ვინაიდან ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია თავად აფხაზეთისთვის.
ე. წ. პრეზიდენტმა მოიწონა ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტის დაბეჭდვისა და გამოქვეყნების იდეა და განაცხადა, რომ მათი ხელისუფლება დისკუსიებისა და გამჭვირვალობის მომხრეა. ამიტომ მოხარული იქნება, თუ ხსენებული დოკუმენტის შინაარის გაცნობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
,,ხელშეკრულების პროექტში საკითხი აფხაზეთის სუვერენიტეტის მინიმალიზაციას არანაირად არ ეხება. ჩვენ ყველა უფლების გამოყენება კვლავინდებურად შეგვეძლება, მაგრამ მოგეხსენებათ, მშვიდობის შესანარჩუნებლად რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არამარტო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, არამედ სხვა სახელმწიფოებთან აფხაზეთის ურთიერთობის საკითხებსაც აგვარებს." - განაცხადა ხაჯიმბამ.