ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, პოლიტიკა მეორე პროფესიად იმ ადამიანებისთვის ხდება, რომელთაც პირველი არ გააჩნიათ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცინცაძემ ქართველი ფეხბურთელის, კახა კალაძის ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის გუნდში გადანაცვლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"პოლიტიკას მეორე პროფესიად ის ადამიანები იხდიან, რომლებსაც პირველი არ გააჩნიათ, ან უკვე დაასრულეს. კალაძისთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, სპორტში უკვე შემოდგომა დადგა. არ არის გამორიცხული, მას ნოღაიდელიც არწმუნებდეს, რომ პირველივე არჩევნებში პრეზიდენტი გახდება და უკვე ბიზნესმენი კალაძისთვის მწვანე შუქი აინთება, თუმცა რამდენად განხორციელებადია ეს, სულ სხვა საკითხია", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი შეფასებით, მთავარია ისაა, რომ კალაძემ საქართველოში დიდ ბიზნესში დაბრუნების სურვილი უკვე გამოთქვა, რაც საქართველოში დიდი პოლიტიკაში მოსვლას გულისხმობს.
"კალაძემ ფეხბურთს თავი ფაქტობრივად უკვე დაანება, რადგან მილანმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. იგი ახლა რომელიმე გერმანულ კლუბს ეძებს, სადაც გამოსათხოვარ მატჩებს ითამაშებს. ამის შემდეგ კი საქართველოში დიდ ბიზნესში და პოლიტიკაში დაბრუნების იმედი აქვს", - აღნიშნა ცინცაძემ.