საუბრის დასაწყისში ლეონიდ თიბილოვმა მიმდინარე წელს ე. წ. მთავრობის ათთვიანი მუშაობის შედეგები მიმოიხილა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ,,მიღწევებზე" ისაუბრა.
,,რესპუბლიკას დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხის წინაშე პასუხიმგებლობას გრძნობს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ყველა თანამდებობის პირისგან მე ვითხოვ, მთელი ძალისხმევა იმ მიზნების და დავალებების განსახორციელებლად მიმართონ, რაც ჩვენს წინაშე დგას." - განაცხადა ე. წ. პრეზიდენტმა შესავალ სიტყვაში.
თიბილოვმა ისაუბრა, ასევე, რუსეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გარანტის როლზე.
,,შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთთან ურთიერთობების სერიოზულ საფეხურზე გადავედით. ჩვენს სახელმწიოებს შორის უკვე დადებულია 70-ზე მეტი ხელშეკრულება, რომელთა განხორციელებაც უნდა დავიწყოთ." - განაცხადა თიბილოვმა.
მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ აფხაზეთთან, დნესტრისპირეთთან და მთიანი ყარაბახის ხალხთან ურთიერთობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის საგარეო ორიენტირები განვითარების სწორი გზისკენ არის მიმართული.