.,,დონეცკისა და ლუგანსკის სახახლო რესპუბლიკების აღიარებით, სამხრეთ ოსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავისუფალი, დამოუკუდებელი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებში თავისი სიტყვის თქმა შეუძლია." - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ე. წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა.
მისი თქმით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, მსოფლიო არენაზე სამხრეთ ოსეთის საკითხმა უფრო ფართო ასპექტი შეიძინა.
,,სამხრეთ ოსეთის ხალხმა იგივე გზა გამოიარა, რაც დონბასის მოსახლეობამ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ ომის საშინელება და არ შეგვეძლო ზურგი გვექცია ხალხისთვის, რომელმაც აღიარების საკითხში დახმარება გვთხოვა." - აღნიშნა თიბილოვმა და განმარტა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებას დავალებული აქვს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისთვის ე. წ. პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანებულებები სისრულეში მოიყვანოს.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო სამქეთა სამინისტრო მზად არის, დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობები დაამყაროს ხსენებულ რესპუბლიკებთან.
სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მათ ურთიერთობა აქვთ ლათინური ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან.
მასალის გამოყენების პირობები