,,იმ მოკლე პერიოდში, რაც მე ხელისუფლებაში ვიმყოფები, უკვე შევხვდი რიგ ბიზნესმენებს, რომელთაც აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება სურთ. დარწმუნებული ვარ, მათი წინადადებების დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ინვესტრორების განსაკუთრებულ ინტერესს აფხაზეთის აგრარული სექტორი, თევზჭერა, სასმელი წყლები და ტყვარჩელის დოლომიტების საბადო იწვევს.
ბიზნესმენთა ინტერესის სფეროში შედის, ასევე, აფხაზეთის ტრანზიტული კორიდორი - მოკლე გასასვლელი სოხუმის პორტიდან რუსეთის საზღვრამდე.
,,ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ ადამიანებისკენ, რომლებიც მზად არიან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში საკუთარი ფინანსები ჩადონ.
ინვესტიციების შესახებ მიღებული ყველა შემოთავაზება რომ განვიხლოთ და დავიანგარიშოთ, აფხაზეთის ბიუჯეტში, შესაძლებელია ყოველწლიურად 50-60 მილიარდი რუბლი შემოვიდეს. შესაბამისად, რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ აფხაზ ჟურნალისტებტან შეხვედრაზე.
მისი აზრით, ინვესტიციების განხორციელებას და მოგების მიღებას, სავარაუდოდ, 2-3 წელი დასჭირდება, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პროექტებიდან სახელმწიფომ დივიდენდების მიღება დაიწყოს, საჭიროა დღესვე გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.
,,ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესი რომ გავზარდოთ, აუცილებელია, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ამიტომ, აუცილებელია, რისკების მინიმალიზაციისთვის ყველა პირობა შევქმნათ.
სწორედ ამ მზინით, ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც ინვესტორებს კურირებას გაუწევს." - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა.
ხაჯიმბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსი და თურქი ინვესტორების გარდა, აფხაზეთში საქმის წამოწყების ინიციატივით ევროპელი ბიზნესმენებიც გამოდიან და მაგალითად იტალიელი ბიზნესმენი მოიყვანა, რომელსაც აფხაზეთში ნაგვისგადამამუშავებელი წარმოების განვითარება აინტერესებს.