,სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორის ლიკვიდაცია.
როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს დროებითი მოთავსების იზოლატორების ინტენსიურ მონიტორინგს.
"2009 წლის ნოემბერში მონიტორინგი განხორციელდა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორი შედგება 6 საკნისგან, მათგან 3 - მოქმედი. იზოლატორში არის ანტისანიტარია. საკნებში სინესტე და სიბინძურეა. ფანჯრებზე აფარებულია ლითონის ნახვრეტებიანი ფირფიტა, რის გამოც შეუძლებელია საკნის ვენტილაციისა და განათების უზრუნველყოფა. კედლებიდან ჩამოყრილია ბათქაში. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა მღრღნელების და მორიელების არსებობა. საპირფარეშო განთავსებულია დერეფნის ბოლოს, რომლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. იზოლატორში არ არის საშხაპე და სასეირნო ეზო", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, იზოლატორი მათ გაუქმებული დახვდათ იქ არსებული პირობების გამო.
ამა წლის 31 მარტს ზემოთხსენებული მონიტორინგის ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორმა კვლავ განაახლა ფუნქციონირება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი განახორციელეს ზემოაღნიშნულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. გაირკვა, რომ მისი ფუნქციონირება მხოლოდ 2010 წლის 3 თებერვლიდან 19 თებერვლამდე იყო შეჩერებული.
"სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული პირობები არანაირად არ შეესაბამება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა არის ამორტიზებული. ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული მდგომარეობა და მასში პირის მოთავსება მცირე დროითაც კი შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის განცხადებაში.