სუბარი-გაჩეჩილაძემ ოპოზიციის გამარჯვების "ერთიან ფორმულასთან" დაკავშირებით კონსულტაციების პირველი ეტაპი დაასრულა.
5-დღიანი კონსულტაციების ფარგლებში, "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა და მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ბოლო შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილთან გამართეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ განუცხადა, "ახლა ისინი შეერთებული შტატებიდან ირაკლი ალასანიას დაბრუნებას დაელოდებიან და მოლაპარაკებების მეორე რაუნდს საჭიროების შემთხვევაში დაიწყებენ".
რაც შეეხება უშუალოდ ნათელაშვილთან გამართულ კონსულტაციებს, შრომის პარტიის ლიდერს არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია და არც საკუთარი ამომრჩევლებისთვის აპირებს იმის მოწოდებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდნენ და ხმა რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს მისცენ.
როგორც ნათელაშვილმა კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმმართველობის არჩევნები ბოლო სტადიაა, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
"ჯერ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ეს ბოლო სტადიაა და ის უნდა გაიმართოს მას შემდეგ, რაც სააკაშვილს მისსავე აშენებულ გლდანის ციხეში ვიხილავთ... დღევანდელ კონსულტაციებზე კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერაზე, მათ შორის არც ირაკლი ალასანიაზე საუბარი არ ყოფილა", - განმარტა ნათელაშვილმა.
ალასანია შეერთებული შტატებიდან თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება. უკვე ხვალ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა სუბარი-გაჩეჩილაძის კონსულტაციების მეორე რაუნდი ოპოზიციის გამარჯვების ფორმულასთან დაკავშირებით.