დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, ფეხბურთელი კახა კალაძის მისი პარტიის რიგებში შესაძლო გაწევრიანების ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, ჯერ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.
"კახა კალაძეზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ", - აღნიშნა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი კალაძის მიერ "სავეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუსაც შეეხო. ყოფილი პრემიერის თქმით, მან დანამდვილებით იცის, რომ "კალა კაპიტალის" გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ხელისუფლებაზე ნაწყენი არ არის.
"კალაძე ხელისუფლებაზე ნაწყენი არ არის, რადგან ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მის კომპანიას შეექმნა შესაძლებელია", - განაცხადა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ ეჭვი "მილანის" ფეხბურთელის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მისი "სავეტსკი სპორტისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ გაჩნდა. სადაც კალაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა და ნოღაიდელის საგარეო პოლიტიკური კურსი მოიწონა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ კალაძემ ერთ-ერთ ქართულ "თოქ-შოუ"-ში განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსობა სურს.