.,,მცოცავი ოკუპაცია" ყოველდღიურად ხორციელდება, - ამის შესახებ ახალგორის რაიონის სოფელ ოძისის მოსახლეობა აცხადებს. სოფლიდან ერთ კილომეტრში უკვე ოკუპირებული ზონა მდებარეობს, სადაც რუსი სამხედროები კაპიტალურად არიან გამაგრებული, სამას მეტრში კი რუსული მხარის ბლოკპოსტი მდებარეობს.
,,ყველაზე რთულ მდგომარეობაში ოძისელები ვართ, ყველა მხრიდან რუსი სამხედროები გვაკონტროლებენ. საზამთროდ შეშის მოსამარაგებლად ტყეშიც ვერ მივდივართ, რადგან ,,საზღვრის დარღვევისთვის" მაშივე დაგვიჭერენ." - აცხადებს სოფლის მკვიდრი პაატა მელაძე.
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ,,მცოცავი ოკუპაცია" გამუდმებით გრძელდება და ე. წ. სასაზღვრო ბოძები ყოველდღიურად უფრო და უფრო მოიწევს ქართული სოფლებისკენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რუს მესაზღვრეებს ხელს ვერვინ უშლის, დღეს რომ საზღვარი იქაა, ხვალ გაიხედავ და ხუთი მეტრით აქეთაა გადმოწეული.
,,6 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო, ყველანი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. ოძისში ხილის მოსავალი მოგვყავდა, ახმაჯში კი სასწავლებლად და სამედიცინო მომსახურებისთვის გადავდიოდით.
ბოლო წლებში ყველაფერი ისე აირია, რომ ჩვენ თავად ვეღარ ვარკვევთ, სად რომელი რაიონია. " - აღნიშნეს ოძისის მკვიდრმა ქართველებმა.