ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა დევნილთა საკითხებში დანიის რეგიონალური საბჭოს მდივანს ვინსენტ დონტოს შეხვდა. ვინსენტ დონტომ ჩირიკბას რეგიონალური საბჭოს მიერ აფხაზეთში გაწეულ სამუშაოებზე ანგარიში წარუდგინა.
ძირითადად, საუბარი შეეხო საბჭოს მიერ სირიელი რეპატრიანტებისთვის ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსების საკითხს, რომლებიც აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ, აფხაზური და რუსული ენების არცოდნის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდენ.
დევნილთა საკითხებში დანიის რეგიონალური საბჭო სირიელ რეპატრიანტებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაშიც ეხმარება.
დონტომ ვიაჩესლავ ჩირიკბას იმ ბიზნეს-ტრენიგებზეც მოახსენა, რომელსაც დანიური საბჭო ატარებს და გაცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, წვრილი და საშუალო ბიზნესის გავითარებისთვის აფხაზეთში ჩასახლებულ სირიელებს გრანტები მიენიჭებათ.
ხსენებული საბჭო, ასევე, ჩართულია გალისა და ოჩამჩირის რაიონებში საბავშვო ბაღებისა და სპორტდარბაზების რეკონსტრუქციის საქმეში.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დანიის საბჭოს აქტიურობა პოზიტიურ ხასიათს ატარებს და მისი სამინისტრო მზადაა, ხსენებულ ორგანიზაციას საჭირო დახმარება გაუწიოს.