ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული თემა კოკოითის მიერ გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილებოდა. კოკოითმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა აღდგენის პროექტების რეალიზაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტისა და ამ კომიტეტთან არსებული ტექნიკური კონტროლის სამსახურის მისამართით.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა თათბირზე აღნიშნული კომიტეტის ხელმძღვანელობას დაავალა, უმოკლეს ვადაში ჩაატარონ სამუშაო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად და დაქირავებული არაკეთილსინდისიერი კომპანიების გამოსავლენად და დასასჯელად.
"შეუსრულებელ სამუშაოებზე სრული პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ", _ განაცხადა კოკოითმა, რომელსაც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოების წარმოებისათვის დამატებით 2,2 მილიონი რუბლია საჭირო.