ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ნოღაიდელი-კალაძისთვის მოსკოვში გზის გაკვალვაში იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის დახმარება გამორიცხული არ არის.
"თავის დროზე ბერლუსკონის და კალაძის ურთიერთობა ჩვენთან გადაჭარბებულად იყო შეფასებული. თითქოს ისინი განუყრელი მეგობრები არიან და ხინკალზე და ყავაზე ერთად დადიან. თუმცა, რადგან ჩვენ დიდი პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რომელიც რუსეთსაც აინტერესებს კალაძე შეიძლება გამოიყენეს, თუმცა არა როგორც ინიციატორი, არამედ მეორე ხარისხოვანი ფუნქციის შემსრულებელი. მაგალითად არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი პოლიტიკური კონსტრუქცია არსებობდეს - ნოღაიდელი - კალაძე - რუსული წრეების - ბერლუსკონი - კალაძე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, კალაძეს რუსეთის სპორტულ ელიტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რომლებიც საკმაოდ მჭიდროდ არიან პოლიტიკაში ჩართულები.
"კალაძე, რომ ნოღაიდელის პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია ეს რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ "სოვეტსკი სპოეტისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა, სადაც ფეხბურთზე მეტი პოლიტიკაზე ილაპარაკა. ინტერვიუში არ დაინდო სააკაშვილიც. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მისი მეგობრები, რუსეთთან ურთიერთობებს მოაგვარებენ", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე პოლიტიკაში მიდის და ზურაბ ნოღაიდელის გუნდს შეუერთდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერს რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან შეხვედრებში მას კალაძე იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საშუალებით დაეხმარა.