პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პრინციპებს ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ის "დეტალებში გაშლილი არ არის".
"მნიშვნელოვანია ის, რომ აქცენტი მხოლოდ გარე საფრთხეებზე არ არის გაკეთებული და შიდა გამოწვევებზეცაა საუბარი. ეს საჭირო გაფრთხილებაა, რადგან მარტო საგარეო საფრთხეებზე ორიენტაცია, როცა ქვეყნის შიდა პოზიცია არაა განმტკიცებული, დაუშვებელია", - განუცხადა საყვარელიძემ ჟურნალისტებს კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა.
რაც შეეხება შენიშვნას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ შეიძლებოდა დოკუმენტში "აქცენტები უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო".
"პრინციპებს ვეთანხმები, მაგრამ დეტალებში გაშლილი არაა. იმედია, როგორ უნდა მოხდეს პრინციპების რეალიზება, უფრო ფართო მოხსენების დროს მაინც იქნება გამოკვეთილი", - განმარტა საყვარელიძემ.
თავად პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ის შენიშვნა, რომელიც აღნიშნულ კონცეფციასთან დაკავშირებით ექსპერტების მხრიდან იქნა გამოთქმული, დოკუმენტში ასახული და გაზიარებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა.