აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ. მისი თქმით, ამ საკითხის გარშემო მართლაც უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომლის ინიციატივაც მთლიანად ქართულმა მხარემ უნდა აიღოს ხელში.
"აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ყოველმხრივ უნდა ავწონ-დავწონოთ საფრთხები და სარგებელი და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საერთაშორიოს დოკუმენტებით არის განსაზღვრული. მაგალითად, გასათვალისწინებელია, იმოქმედებს თუ არა ტვირთების განბაჟების ის შეთანხმება, რომელიც ადრე იყო მიღწეული, ასევე შეთანხმება იმის თაობაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ფსოუს მონაკვეთზე ტვირთები შვეიცარიელებმა გააკონტროლონ. აქვე უნდა განისაზღვროს საქრთველოს მოქალაქის სტატუსი, რომელიც აფხაზეთის მონაკვეთზე მატარებლით იმგზავრებს, ის უცხო ქვეყნის მოქალაქედ ჩაითვლება თუ საკამათო ტერიტოიაზე მოხვედრილ მგზავრად: მოითხოვენ თუ არა აფხაზები ან რუსები ენგურის ხიდზე საბაჟოს გაკეთებას და სხვა საჭირბოროტო საკითხები. თუ რუსეთ-საქართველო-სომხეთს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები განახლდება, აუცილებლად გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის პოზიციაც. მიუხედავად მრავალი ფაქტორისა, მიმაჩნია, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დახურულ ფორმატში მოლაპარაკებები, რომელშიც აფხაზეთის ოკუპირებული რესპუბლიკის ე. წ. ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.
არაქელიანმა აღნიშნა, რომ ეს არის არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც პოლიტიკური საკითხი და ბოლო პერიოდში ამ საკითხის გარშემო დამაიმედებელი ძვრები შეინიშნება.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რაიმე ფორმატით მოლაპარაკებები უარყვეს.