2015 წლის თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სტარტს აიღებს რუსულ-აფხაზური პროექტის ,,მთიანი აფხაზეთი. წელიწადის დროები" ექსპედიციის პირველი ეტაპი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორგანიზატორებმა გაგრის მაღალმთიანი სოფელი აუათხარა და რიწის ნაციონალური პარკი მოიარეს, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს და საიდანაც მომავალი ზამთარს პირველ ექსპედიციას გაუშვებენ.
მოსამზადებელ ეტაპზე ექსპედიციის წევრებმა ის ადგილები შეისწავლეს, სადაც შვეულმფრენიდან უნდა დასხდნენ და შესაბამისი ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელსაც პროექტის რეკლამისთვის გამოიყენებენ.
,,მთიანი აფხაზეთი, წელიწადის დროები" პროექტის ინიციატორები, სამომავლოდ მრავალ მიზანს ისახავენ, რომელთა შორის უპირველესი, აფხაზეთის მაღალმთიანი რაიონების სილამაზის პოპულარიზაცია და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამთო ტურიზმის აღორძინებაა.
მომავალ წელს პროექტის ორგანიზატორთა ჯგუფი ათ საფეხმავლო, საცხენოსნო და ავტოექსპედიციას გეგმავენ. ასევე, შესაძლებელი იქნება შვეულმფრენით დაჯდომა იმ ადგილებში, სადაც სხვა საშუალებით მოხვედრა ვერ ხერხდება.
ექსპედიცია აფხაზეთის ყველა მთიან რაიონს მოიცავს და მისი მონაწილეები ისეთ ადგილებს მოინახულებენ, როგორიცაა გრიბზას ხეობა, არბაიკას მთიანი მასივი, ადიუადას ტბა და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები