გალის რაიონის სამართალდამცავებსა და ოკუპირებული აფხაზეთის შინაგანს საქმეთა მინისტრს რაულ ლოლუას შორის დღეს საუბრის ძირითადი თემა გალში არსებული რთული კრიმინოგენული ვითარება იყო.
მას შემდეგ, რაც მინისტრმა გალის რაიონის ქვეგანყოფილებების რამდენიმე თანამშრომელი მედლით დააჯილდოვა, რამდენიმეს კი წოდება აუმაღლა, ხელმძღვანელსა და ხელქვეითებს შორის მსჯელობა სწორედ ბოლო დროს გართულებულ ვითარებას შეეხო.
შეხვედრაზე ითქვა, რომ გალის რაიონში წინა წლებთან შედარებით, კრიმინალის სიხშირის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, გახშირდა ადამიანების გატაცების ფაქტები.
მინისტრის ბრძანებით, დღეიდან ტყვარჩელის, ოჩამჩირის და გალის რაიონის განყოფილებებს კურირებას ჯუმბერ ზუხბა გაუწევს.
რაულ ლოლუამ ადგილობრივ ახალგაზრდებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მილიციის რიგებს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მეტად დაცული იყოს.
რაიონში შექმნილი ვითარება უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი განყოფილებებისა და საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრაზეც განიხილებოდა.
ლოლუამ ძალოვანი სტუქტურების თანამშრომლებს დაავალა, კრიმინალთან საბრძოლველად კოორდინირებული ძალებით ერთად იმოქმედონ.
მისი თქმით, კრიმინალთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია დამატებითი საგუშაგო პოსტები დაიდგას, განსაკუთრებით გალის რაიონის დაბალი და მაღალი ზონის სოფლებში.