7 ნოემბერს, 18:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამ.#2), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის ნახატების გამოფენას თემაზე: „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული, უძველესი ქალაქის- სტამბოლის ხედებით ინსპირირებული 26 ნამუშევარი. ექსპოზიცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი.
დევრიმ ერბილი დაიბადა თურქეთის ქალაქ უშაკში. დაამთავრა სტამბოლის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოგვიანებით, ხელმძღვანელობდა სამხატვრო სწავლებასა და კვლევებს ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. 2005 წელს დააფუძნა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დოღუშის უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო გამოფენასა და პროექტში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის კულტურის დღეები 20 ოქტომბრიდან იმართება და 20 ნოემბრამდე გასტანს. თურქეთის კულტურის დღეების მიზანია თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების განმტკიცება და თურქული კულტურის სხვადასხვა დარგების ქართველი ხალხისათვის გაცნობა.
თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია:
14 ნოემბერი, 19:00 სთ - დერვიშების წარმოდგენა, რომელსაც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი
სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსამბლი.
ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრი (რუსთაველის პრ.#2)
20 ნოემბერი, 19:00 სთ - კლასიკური მუსიკის კონცერტი ცნობილი თურქი დირიჟორის ემრე არაჯის
დირიჟორობით და ნიკოლოზ რაჭველის საქართველოს სახელმწიფო
სიმფონიური ორკესტრის შესრულებით;
თემა: „ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში",
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი (გრიბოედოვის ქ. 8)