სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დახურულ ფორმატში მოლაპარაკებები, რომელშიც აფხაზეთის ოკუპირებული რესპუბლიკის ე. წ. ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.
არაქელიანმა აღნიშნა, რომ ეს არის არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც პოლიტიკური საკითხი და ბოლო პერიოდში ამ საკითხის გარშემო დამაიმედებელი ძვრები შეინიშნება.
,,როგორც სომხური, ასევე რუსული და ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედებას. ამ მიმართულებით, ბოლო დროს გაიზარდა შანსები, ვინაიდან სააქციო საზოგადოება ,,რუსეთის რკინიგზის" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა გაახმოვანა განცხადება იმის შესახებ, რომ ამ მიმართუელბით არსებობს დამაიმედებელი ნიშნები. რადგანაც საკითხს უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, ვიდრე ეკონომიკური, ამიტომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ყველაზე მთავარია, შედგეს შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი რთული კვანძი უნდა გაიხსნას, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ამ პროცესებში აფხაზეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გავახმოვანებთ." - განუცხადა ჟურნალისტებს არტურ არაქელიანმა.