დავეყრდენი მხოლოდ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ინფორმაციას, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მის მიმართ გაჩენილ კითვაზე თუ საიდან მქონდა მასალა და რა ტიპის ინფორმაციაზე საუბრობა, როდესაც მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროკორუფციულ გარიგებში დაადანაშაულა.
"მინდა განვმარტო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს მაქვს უფლება მივიღო ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს პროკურატურისგან და გავეცნო საქმის მასალებს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრს, ასევე მაქვს უფლება ოფიციალურად გამოვითხოვო მთავარი პროკურატურისგან მასალა, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო" და პროკურატურა ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდოს.
მე ამ ჩემი უფლებით არ მისარგებლია, დავეყრდენი მხოლოდ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ინფორმაციას, რათა ამ საქმეს არ მისცემოდა პოლიტიკური ელფერი.
აღნიშნულ ოფიციალურ განცხადებაში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვაზე.
მათ შორის, ჩემი ინტერესი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს მიერ „სილქნეტთან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს უნდა გადაეხადა ჯამში 6 720 877 ლარი, საიდანაც წინასწარ გადარიცხულ იქნა 6 480 877 ლარი. ხოლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ამ ქონების და მომსახურების რეალური ღირებულებაა 2 618 004 ლარი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გაცნობა. შესაბამისად, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ჩვენ ნამდვილად დაუსვით ირაკლი ალასანიას კითხვები, მხოლოდ აღნიშნულ საჯარო მასალაზე დაყრდნობით", - აცხადებს საგანელიძე.