აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის 2014 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულებით, უშიშროების საბჭოს მდივნად მუჰამედ კილბა დაინიშნა. მანამდე ამ პოსტს იკავებდა ავთანდილ ღარწკია, რომელმაც თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლის გამო დატოვა.
,,დროის მცირე მონაკვეთში, მან გააკეთა ყველაფერი, რათა აფხაზეთში მიმდინარე პროცესები კანონიერების ფარგლებს არ გასცდენოდა. " - ასე შეაფასა ღარწკიას ,,ღვაწლი" ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ.
მან ასევე წარმატებები უსურვა საბჭოს ახალ ხელმძღვანელს და აღნიშნა: ,, ეს არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ის მეთაურობდა აფხაზურ ქვედანაყოფებს, რომელთაც 1993 წელს გაგრის გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს."
მუჰამედ კილბამ მადლობა გადაუხადა ხაჯიმბას და ნდობის გამართლებას დაპირდა.
მთავრობის წევრებთან შეხვედრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლომდე აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხიმგებლობას.
,,შევეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს." - განუცხადა კილბამ შეხვედრის მონაწილეებს.