დღეს, 4 ნოემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში თბილისის თანამედროვე ხელოვნების VII საერთაშორისო გამოფენა - "არტისტერიუმთან" დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და "არტისტერიუმის" ორგანიზატორები მაგდა გურული და ილიკო ზაუტაშვილი გაუძღვებიან.
2014 წლის რიგით მე-7 "არტისტერიუმი" 7 ნოემბერს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში, ფართო საზოგადოებას, მონაწილეებსა და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს და საგანმანათალებლო პროგრამას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 105 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი.„არტისტერიუმი" 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.
წლევანდელი არტისტერიუმის თემაა: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" - ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13", რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა ხასიათის პერსონალური, მხატვრული, ფილოსოფიური, სოციო-პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემატიკის კვლევას და წარმოჩენას. პროექტის ფარგლებში „ჰიუსტონი" მოიაზრება როგორც „გადამრჩენლის" კონცეფცია, რომელიც ამავე დროს ადამიანთა თანამშრომლობის ბუნებრივ იმპულსსაც ეხება, რადგან წინსვლა და საერთო შეცდომების გამოსწორება მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით, თანაგრძნობით და სხვისი პრობლემების გაზიარებითაა შესაძლებელი.