საპარლამენტო უმრავლესობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევაზე უარს ამბობს და მზადაა 1-ელ დეკემბრამდე ახალი პროექტი შეიმუშაოს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
„საპარლამენტო უმრავლესობა პრინციპულად არ აპირებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. საზოგადოებისათვის ნათელი რომ იყოს ვეტოს დაძლევა გამოიწვევს სამართლებრივ ვაკუუმს, რაც ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ პრეზიდენტი მაშინვე დაეთანხმება პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და პროცესი დროში კიდევ არ გაიწელება. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით აღებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას, სრულიად გაუმართლებელია გადაწყვეტილება ვეტოს დადების შესახებ, რამაც შესაძლოა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს გარკვეული ვადით. პრეზიდენტს მუდმივი კონსულტაციები და შეხვედრები ჰქონდა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა. აქამდე ჩვენ არ მიგვიღია პრეზიდენტისგან არც ერთი შენიშვნა კანონის ვადებთან დაკავშირებით. მან ეს კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გამოთქვა. ფორსმაჟორში ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას სჯობდა პარლამენტს მისცემოდა მეტი დრო მის მოსამზადებლად. ჩვენთვის, კოალიცია „ქართული ოცნებისათვის", წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით არსებული ყველა საკითხი. მითუმეტეს კანონი, რომელმაც მომავალში ეს თემა უნდა დაარეგულიროს. ამის დასტურია თუნდაც, ის ფართო განხილვები, რომელიც წინ უძღოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტებზე მუშაობას. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კანონზე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოება. ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არა მხოლოს სიტყვებით, ან ვეტოს უფლებით, არამედ საქმით არის პასუხისმგებელი მთელი ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, ჩვენ უმრავლესობა 1 დეკემბრამდე შევიმუშავებთ ახალ კანონს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ნაჩქარევად მიღებულ კანონში ვერ იქნება გათვალისწინებული ის რეკომენდაციები რაც დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შეხვედრაზე უნდა ჩამოყალიბდეს, ამიტომ დეკემბერში მიღებული ახალი კანონის ძალაში შესვლა გონივრული ვადით იქნება განსაზღვრული.
„უფლებას ვიტოვებთ რომ ამ ვადაში, ანუ კანონის მიღებიდან მის ძალაში შესვლამდე ჩვენ მოგვიწევს ალბათ მოვახდინოთ გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რათა ეს კანონი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნებს, რომელსაც საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, სახელისუფლებო სტრუქტურები ითხოვენ," - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ვეტო დაადო.