უახლოეს მომავალში კახეთში კიდევ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. საგარეჯოსთან ახლოს, სოფელ პატარძეულში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა და კომპანია „კახური ტრადიციული მევენახეობის" დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ ის ტერიტორია და შენობა დაათვალიერეს, სადაც მალე ცენტრი ამოქმედდება. საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ. საინფორმაციო ცენტრი უკვე აღიჭურვა ტურისტული ბროშურებითა და რუკებით, ცენტრი ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. საინფორმაციო ცენტრის გვერდით ტურისტების საშუალება ექნებათ „კახური ტრადიციული მევენახეობის" ღვინო დააგემოვნონ. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ტურიზმის 21 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები