დღეს, ბათუმის შერატონში გაიხსნა საერთაშორისო კონგრესი „ენდოუროლოგია და ახალი ტექნოლოგიები". კონფერენციას მსოფლიოს 10 ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი ესწრება.
კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემემ. „მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო ტურისტული კუთხით, ასევე ჩვენს რეგიონში ექიმების პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. გვინდა რომ ბათუმი მთელს მსოფლიოში წარმოდგენილი იყოს სამედიცინო კუთხითაც. ვფიქრობ, კონფერენციის ჩვენს ქალაქში ჩატარება ტრადიციულ სახეს მიიღებს." აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სპეციალური თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები უროლოგიის დარგში. დაგეგმილია ენდოქირურგიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია კლინიკა მედინადან, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ.
კონფერენციის მიზანია ექიმების პრაქტიკული მომზადება და სიახლეების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა. კონგრესი 3 დღეს გაგრძელდება.