თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თავდაცვის უწყების მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ 2016 ახლოვდება და სრულიად ბუნებრივია, ნებისმიერ პარტიას პარლამენტში მეტი შედეგის მიღება უნდა, ამიტომაც და სხვა ფაქტების გამოც, სულ არ უკვირს ყველა მხრიდან ალყის შევიწროება.
,,,რა მაგის პასუხია და კირვალიძეს რომ დაერივნენ შარშან და მერე დასაჭერი რომ არ აღმოჩნდა და ბოდიშიც რომ არ მოუხადეს, რა სეზონი და თვე იყო ხომ არ გახსოვთ ვინმეს?გამწვავების კოსმიურ პერიოდებს ვიკვლევ", _აცხადებს ფანჯიკიძე, რომელიც არსებულ ვითარებას ,,თავისუფალ დემოკრატების" ყრილობასა და მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
,,8-ში ირაკლის პარტიის ყრილობაა, 2016 ახლოვდება და სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პარტიას მეტი შედეგის მიღება უნდა პარლამენტში. ამიტომაც და სხვა ფაქტების გამოც, სულ არ მიკვირს ყველა მხრიდან ალყის შევიწროება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დარტყმების სათავეშია დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ატმოსფერო, ხშირად გაშარჟებამდე მისული, ყველას პრობლემად იქცევა, როგორც ნებისმიერი არაჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ კიდევ არაუშავს, თუ მხოლოდ პერსონალურ გრძნობებზეა დაფუძნებული, თუნდაც ეს გრძნობები მთლად საღი არ იყოს. ირაკლის პარტიიდან დღეს პარლამენტში არის ათი ადამიანი მხოლოდ - ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი... ყველას ვერ ჩამოვთვლი, მე არ ვთვლი, რომ ეს ხალხი ცუდი პარლამენტარები არიან. არც არავისთვის არ იქნება ცუდი, თუ ამ პარტიიდან მეტი ხალხი შევა, ეს პარტია გამოირჩევა ადამიანურობით, პროფესიონალიზმით და ცივილიზებულობით, ამ სიტყვის არა ექსცენტრიკული, არამედ რეალურად კულტურული გაგებით", _აცხადებსფანჯიკიძე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულ იქნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი:2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს ,,სილქნეტი", კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს „სილქნეტის" სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. დანაშაულის შესანიღბად, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად, გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ, სადაც მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა მოწვევა სს ,,სილქნეტთან" ერთად გაუგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა მიეცათ 5 სექტემბრამდე. ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, 4 კომპანიამ შეძლო მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.
2013 წლის 05 სექტემბერს, დანიშნულ დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით შედგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრედენდენტებს მიუხედავად მათი მოთხოვნისა არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები.
ამდენად, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში.
წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სხვა კომპანიების წარმომადგენლებს განზრახ არ მისცეს ინფორმაცია - გაეგოთ თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით დააფიქსირა ს.ს. „სილქნეტმა" დაბალი ფასი, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან.
2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებული ჰქონდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე, შემდგომში ამ შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიასთან სს „სილქნეტთან" ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ ამ მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე, რაც არსობრივად ცვლის საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის რეალურ ობიექტს.
აღნიშნული ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის დაკავებულ პირებს 48 საათში წარედგინებათ ბრალდებები.
გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.