აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის (პოლონეთი, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის და რუმინეთის) ლიდერი 8 აპრილს პრაღაში დაპატიჟა.
პოლონეთის მთავრობის სპიკერის პაველ გრასიას ინფორმაციით, შეხვედრა სადილის ფორმატში, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დაესწრება, სავარაუდოდ, ჩეხეთში აშშ-ს საელჩოში გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის საუბრის ძირითადი თემა გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ნატოს მომავალი იქნება.
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო "CTK" იუწყება, რომ ამ შეხვედრის დროს ბარაკ ობამა ეცდება დაარწმუნოს ყველა დამსწრე ლიდერი, რომ ამავე დღეს ჩეხეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან გასაფორმებელი ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი იარაღის Dშემცირების შესახებ რეგიონისათვის საფრთხის შემცველი არ არის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები 8 აპრილს პრაღაში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის
შემცირების შესახებ.
ობამას თქმით, ახალი ხელშეკრულება ითვალისწინებს პროგრესს მთელი რიგი ახალი მიმართულებებით _ ბირთვული შეიარაღებების შემცირებას თითქმის სამჯერ, რაკეტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას და ასევე გამშვები დანადგარების შემცირებასაც.
"ეს არის ხელშეკრულება, რომელიც გვჭირდება ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების დაცვისა და მხარდაჭერისათვის და ასევე ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის", _ აცხადებს ობამა.