საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს, „ანკა ფეა ტრეიდს" ეწვია.
მთავრობის მეთაური საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილს საწარმოში შეკრებილმა ფერმერებმა განუცხადეს, თხილზე წელს რეკორდულად მაღალი ფასი - 8,75 ლარი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც გასულ წლებში ფასი 3 ლარს არ აღემატებოდა.
"ეს არის სანიმუშო ქარხანა, სადაც წარმოჩენილია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და ასევე ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში. სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ხელშეწყობით კეთდება ის, რომ მსგავსი წარმატებული პროექტები თვალსაჩინოა. აღსანიშნავია, რომ ეს არის შვეიცარიული ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდა",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ახალი საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. პროგრამის დახმარებით საწარმომ 600 000 დოლარის სესხი ახალი თხილის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობისთვის აიღო. შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, რომელიც 2014 წელს აშენდა, მუდმივად დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ახალ საწარმოში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იმყოფებოდნენ.