თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ ინგა გრიგოლიას "ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე" შეთანხმების იდეა არ მოსწონს.
"ეს თემა ჩემთვის დასრულებულია. ვფიქრობ, ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება მოხდეს. "ქრისტიან-დემოკრატებმა" ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაასრულეს", - განუცხადა გრიგოლიამ ჟურნალისტებს "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის წინადადებაზე კომენტირებისას.
ამასთან, გრიგოლია ზოგადად "ერთიანობის ფორმულასაც" იწუნებს და აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას "ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანი პოლიტიკა არ სჭირდება".
"ბოლო წლებმა დაამტკიცა, რომ ჩვენს რეალობას არ სჭირდება ხელოვნური, ორპოლუსიანი პოლიტიკა. მოდით, შევთავაზოთ ჩვენს ამომრჩევლებს ყველამ სხვადასხვა საარჩევნო პროგრამა და მივცეთ მათ საშუალება მაინცდამაინც ორი უკიდურესი პოლუსიდან კი არ აირჩიოს ვინმე, არამედ არჩევანი რამდენიმე კანდიდატს შორის გააკეთოს", - ასეთია გრიგოლიას მიერ პოლიტიკოსის რანგში გაკეთებული პირველი ოფიციალური განცხადება და პირველი შეთავაზება ოპოზიციური ძალებისადმი.