"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს "გამარჯვების ფორმულას" სთავაზობენ "დამარცხების ფორმულის" განსახიერებას წარმოადგენენ.
ასე ეხმაურება და იწუნებს თარგამაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" შეთავაზებას.
"ეს კინო არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ და არაერთხელ დარჩა იმედგაცრუებული. კიდევ ერთხელ ამ კინოს ყურება, თან მაშინ, როცა არც მსახიობები შეცვლილან და სცენარის ავტორებიც იგივეა, ჩვენთვის უინტერესოა. მეტსაც ვიტყვი, სრულიად კონტრპროდუქტიული და დროის ფუჭი ხარჯვაა. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც დღეს გამარჯვების ფორმულის შექმნაზე გვესაუბრებიან, დღეს საქრთველოში დამარცხების ფორმულის განსახიერებას წარმოადგენენ და საზოგადოება მათგან რაიმე რეალურ შემოთავაზებებს არ ელის", - განუცხადა თარგამაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 3 აპრილიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.