"ალიანსი საქართველოსთვის" მზადაა, თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკრებულოების თავმჯდომარების პოსტებსა და მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატთა კანდიდატურების წარდგენის პრივილეგია დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს დაუთმობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს "ალიანსის" თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძემ გააკეთა.
"არსებობს მერის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურის შეთავაზება. ვინც ამას გაიზიარებს, მზად ვართ, ყველა ძალას ვესაუბროთ საკრებულოების თავმჯდომარეობებისა და მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატთა კანდიდატურებთან დაკავშირებით", - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციების ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთანაც გამართვას, გამყრელიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მის მოძრაობასთან გაიმართება, თუმცა ეს ნოღაიდელთან გაერთიანებას არ გულისხმობს.
"სოზარ სუბარი "ალიანსის" მანდატით მოქმედებდა, როცა შეთავაზება გააკეთა. ეს შეთავაზება ზურაბ ნოღაიდელთან არანაირ გაერთიანებას არ გულისხმობს.
ჩვენ ვლაპარაკობთ არა ერთიანობაზე, არამედ მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილებაზე, რათა არ მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. არც "ეროვნულ საბჭოსთან" და არც ერთ ძალასთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, მაგრამ მოლაპარაკებები ყველასთან გაიმართება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.