გერმანიიდან ჩამოსული კარდიოქირურგი, პროფესორი ალექსანდრე ჯონი აჭარის მოსახლეობისათვის უფასო კონსულტაციების დღეებს ნიშნავს. ხუთშაბათს, ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევს.
18 ოქტომბერს კი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციების მიღება, როგორც გერმანელი კარდიოქირურგისგან, ასევე სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტებისგან.
ევროპიდან მოწვეულ კარდიოქირურგი ალექსანდრე ჯონი გერმანიის შუხტერმანის კლინიკის კარდიოქირურგიის დირექტორის მოადგილეა. მას გერმანიასა და ინგლისში 15 000-მდე კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
გერმანელი პროფესორი საქართველოში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მოწვევით იმყოფება და აჭარაში ერთ თვეს დაჰყოფს.