სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უახლოეს მომავალში შესაძლოა ბოლივიამ და ეკვადორმა აღიაროს. განცხადება ამის შესახებ ღვინჯიამ დღეს რუს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. ღვინჯია აფხაზ სეპარატისტთა იმ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ვენესუელა, არგენტინა, ჩილე, ბოლივია და ეკვადორი მოინახულა.
"უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ბოლივიასა და ეკვადორისგან ველით, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურია", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია და დასძენს, რომ "ხანდახან აფხაზეთს ბოლივიის სეპარატისტებთან არსებულ პრობლემას უკავშირებენ, მაგრამ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ კარგად შეისწავლა ეს საკითხი და ესმის, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით შედარებები მიუღებელია".
ამას გარდა, სერგეი შამბას "მემკვიდრემ" არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინა ისევე როგორც ჩილე აფხაზეთისათვის ძალიან საინტერესოა, როგორც პარტნიორი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. "ამ ქვეყნებში ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო კონტაქტი დავამყარეთ", _ განაცხადა ღვინჯიამ.
აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში სეპარატისტთა ვოიაჟი ვენესუელისა და რუსეთის საელჩოებმა დააფინანსეს.