ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთში მყოფ მოქალაქეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. კოკოითი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ძალუძს ჩრდილო ოსეთიდან დაბრუნებული დევნილები სამუშაო ადგილებით უზრუნველყოს.
"არ შეუქმნათ პრობლემები ჩრდილო ოსეთს. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში რაღაც მღელვარებებს იწვევენ და რაღაც შეღავათებს ითხოვენ. ამ დროს კი ჩვენთან მუშახელის ნაკლებობაა და სოფლები ცარიელია. არ არის დრო რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდეთ?", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.
მისივე თქმით, დღეს დევნილები კითხვას არ უნდა სვამდნენ: _ რა გააკეთა მათთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, პირიქით, "აჯობებს თქვენ თავს ჰკითხოთ _ რა გააკეთეთ თქვენ თქვენი სამშობლოსათვის?! აჯობებს დაბრუნდეთ და დაეხმაროთ თქვენს თანამოძმეებს რესპუბლიკის აღდგენაში", _ აცხადებს კოკოითი.
კოკოითი ასევე აცხადებს, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მედიკოსების ხელფასი 4,5 ათასი რუბლია, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, საშუალოდ 7 ათასი რუბლი, "ზოგი მათგანი კი სამუშაოს სირთულის გამო 40 ათას რუსულ რუბლსაც იღებენ", _ აცხადებს კოკოითი.