"ჩამოვედი იმიტომ, რომ მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისათვის და მყარი ორმხრივი თანამშრომლობისათვის გზა გავკვალო",_ განაცხადა ცხინვალში ჩასულმა, უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილმა, ე.წ. ნოვოროსიის სპიკერმა ოლეგ ცარიოვმა.
მისივე თქმით, ოსი სეპარატისტების "აღიარება" მნიშვნელოვანი ნაბიჯია "ნოვოროსიის სახელმწიფოებრიობის მშებლობისათვის".
"მომდევნო ნაბიჯი იქნება არჩევნები, რომლებიც ჩვენ აღიარებამდე და დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანს, თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანი რუსეთთან შეერთებაა",_ განაცხადა ცარიოვმა და იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დიდი ხანი არ შეყოვნდება".
"ქვეყანაში დეფოლტისწინა სიტუაციაა. დარწმუნებული ვარ უკრაინის ახლანდელი ხელმძღვანელობა ქვეყნის სათავეში ერთ წელზე მეტხანს ვერ გაჩერდება",_ განაცხადა ცარიოვმა.
ოსური მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცხინვალში ჩასულმა ოლეგ ცაროივმა "ქართული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალური საფლავი" გვირგვინებით შეამკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული ოლეგ ცარიოვი უკრაინის "რეგიონების პარტიის" ყოფილი დეპუტატია. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცარიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლის მოწოდებების, ქვეყნის ტერიტორიის საზღვრების შეცვლის მცდელობებისა და საკონსტიტუციო წყობის დამხობის მოწოდებების მუხლებით.