ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი თრუსოს ხეობის ე.წ სამხრეთ ოსეთისათვის დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა უნდა დაიცვან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, რომლებიც თრუსოს ხეობიდან არიან.
ოს სეპარატისტთა ლიდერის მტკიცებით, "ეს ძირძველი ოსური მიწაა და საქართველოს არასოდეს ეკუთვნოდა. ოსეთის მოქალაქეებს კი ხეობის დატოვება პოლიტიკური მიზეზების გამო არ შეუძლიათ".
"ჩვენ უნდა დავიცვათ იმ ოსების უფლებები, რომლებიც თრუსოს ხეობის სოფლებიდან არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იარაღით ხელში ვიბრძოლებთ საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიებისათვის. ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან წავა და მაშინ შევძლებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად გზების მოძებნას, რომელიც მისაღები იქნება ორივე ხალხისათვის", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
აღსანიშნავია, რომ მან მსგავსი პრეტენზია, პირველად 2009 წლის აგვისტოში გამოთქვა.