ცხინვალის რეგიონს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და მისი მოადგილე რაშიდ ნურგალიევი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ისინი ოს სეპარატისტთა ლიდერთან ერთად ახალგორში ჩავიდნენ, სადაც ცხინვალისა და ახალგორის დამაკავშირირებელი გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაათვალიერეს წყლის ახალი დამბა, რომელმაც სასმელი წყლით რაიონის ექვს სოფელზე მეტი უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ისეთი დიდი სოფლები, როგორებიც არის წინაგარა და ორჭოსანი.
"აღინიშნა, რომ გზის მშენებლობა ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს და ის ექსპლუატაციაში შემდეგი თვის ბოლოს ჩაბარდება",_ წრეს ოსური მედია.
მათივე ინფორმაციით, ამას გარდა, ცხინვალში პატრუშევმა და თიბილოვმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიგ საკითხებზე იმსჯელეს".
"აღნიშნა, რომ ვიზიტის შედეგებზე ანგარიში რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას ჩაბარდება, როდესაც პატრუშევი მოსკოვში დაბრუნდება", _ წერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები