ოსი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მორიგ 29-ე რაუნდზე, რომელიც ხვალ გაიმართება სეპარატისტები საქართველოსთან ე.წ. თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხის დაყენებას კვლავ აპირევენ.
მათივე ინფორმაციით, ამ ხელშეკრულების გაფორმება მათი "ძირითადი მიზანია ამ მოლაპარაკებებზე".
"სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ასევე გააგრძელებს მუშაობას ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლებაზე, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან და უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე",_ წერს ოსური მხარე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ისინი და არც აფხაზი სეპარატისტები დევნილების პრობლემატიკის საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
"ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს დევნილთა შესახებ საკითხების განხილვაში, ვინაიდან ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს და უკვე რამდენიმე წელია ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გასახილველად გამოაქვს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამ სხდომებში არ მონაწილეობენ, ამირომაც მათი აზრი გათვალისწინებული არ არის. იხილება მხოლოდ საქართველოს თვალსაზრისი. მანამ ვიდრე ეს პრაქიკა არ შეწყდება სამხრეთ ოსეთი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს",_ წერს ოსური მედია.
მასალის გამოყენების პირობები