. "საქართველოში არის წარმოდგენა, რომ მდ ენგურზე მდებარე საზღვარი არა სახელმიფოთაშორისი, არამედ ადმინისტრაციული საზღვარია",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აფხაზ სეპარატისტთა გადაწყვეტილების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ენგურზე მდებარე ექვსი გამშვები პუნქტიდან ხუთი უნდა დაიხუროს.
" საქართველო-აფხაზეთის საზღვარი უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც სახელმწიფოთაშორისი საზღვარი. საქართველოში არის წარმოდგენა ამ საზღვრის შესახებ, როგორც ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ. ჩვენ მას გავამაგრებთ. მასზე იქნება განთავსებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის რათა ამ საზღვრის გადაკვეთა მკაცრად განსაზღვრული აფხაზეთის კანონმდებლობით ხდებოდეს", - აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის ერთიანი საგარეო თავდაცვითი კონტურის შექმნაზე რუსეთის ფედერაციასთან.
მისივე თქმით, იმისათვის, რათა ეს თავდაცვითი საგარეო ერთიანი კონტური ფუნქციონირებდეს აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს დაცული საქართველო-აფხაზეთის საზღვარი, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს.
"ეს არის იდეა, რომელიც დღეს განიხილება და რომელიც სავარაუდოდ, გამყარებული იქნება აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმებით მეგობრობის, თანამშრომლობისა ურთიერთდახმარების შესახებ, რომლის ხელმოწერაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება",_ აცხადებს ხინთბა.