აფხაზი სეპარატისტები იმედგაცრუებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მეათე რაუნდის შედეგებით. განცხადება ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"აფხაზური და სამხრეთოსური დელეგაციები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ დისკუსიების მსვლელობისას ვერ მოხერხდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საგნობრივი განხილვა", _ აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგების გამო უკმაყოფილება გამოთქვა ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაციამაც.
"ჩვენ გამოვხატეთ უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავება დროში იწელება. რუსულმა მხარემ ამ შეთანხმების თავისი, კომპრომისული ვარიანტი წარადგინა, რომელსაც ჩვენ (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მხარი დავუჭირეთ. თუმცა ამ დოკუმენტმა ქართულ მხარესა და ჟენევის მოლაპარაკებათა მოდერატორების მხრიდან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისი თქმით, "საქართველოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ Aშეთანხმების განხილვაზე და მის ნაცვლად ცდილობენ განხილვაზე გამოიტანონ მათ მიერ შემუშავებული პროექტი ე.წ. დეოკუპაციის შესახებ. ეს კი ჩვენთვის მიუღებელია", _ აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ "თავის მხრივ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები ქართული მხარის პოზიციას იცავენ და ყოველმხრივ თავს არიდებენ ამ შეთანხმების საგნობრივი განხილვის საკითხის დღის წესრიგში დაყენებისაგან".
"ისინი ლავირებენ და ჟენევის პროცესის გადარჩენას ცდილობენ, ხოლო ის თუ რამდენად მოახერხებენ ისინი ამის გაკეთებას ჯერ კიდევ საკითხავია", _ აცხადებს ჩირიკბა.