ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ნოვოროსიის სპიკერს ოლეგ ცარიოვს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რომლის დროსაც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები იქნება განხილული",_ წერენ სეპარატისტები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინნული მხარის მიერ ძებნილად გამოცხადებული ოლეგ ცარიოვი უკრაინის "რეგიონების პარტიის" ყოფილი დეპუტატია. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცარიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლის მოწოდებების, ქვეყნის ტერიტორიის საზღვრების შეცვლის მცდელობებისა და საკონსტიტუციო წყობის დამხობის მოწოდებების მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები