28 ოქტომბერს, მოსკოვში ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა ჩავა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი მოლაპარაკებების წარმოებაა, რომელიც რუსული შეიარაღების ეკვადორისათვის მიწოდებას გულისხმობს. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ამის სანაცვლოდ რაფაელ კორეასგან მოისმენენ განცხადებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
მოუხედავად იმისა, რომ რაფაელ კორეა მოსკოვში ხვალ ჩავა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან იგი მოლაპარაკებებს ზეგ გამართავს. ამ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა არ მიუთითებს თუ რა არის ეკვადორის პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლის მიზანი. კრემლის პრეს-სამსახური მხოლოდ აღნიშნავს, რომ ეკვადორის პრეზიდენტი რუსეთში დიმიტრი მედვედევის მიწვევით ჩადის.
თავად რაფაელ კორეამ კი თავისი მოსკოვური ვიზიტის მიზნებზე განცხადება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გააკეთა. "ჩვენთავის აუცილებელია ჩვენი არმიის ძლიერების აღდგენა",_ განაცხადა კორეამ და დასძინა, რომ სწორედ ამას ელის იგი თავისი მოსკოვური ვიზიტისაგან, სადაც თავის თავდაცვის მინისტრთან ხავიერ პონსესთან ერთად მიემგზავრება.
მისი სურვილი არმიის თავდაცვისუნარიანობის აღდგენის შესახებ გასაგებია და გამოწვეულია მეზობელი კოლუმბიის გადაწყვეტილებით, რომელთანაც ეკვადორმა დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის მარტში გაწყვიტა, იმის გამო, რომ კოლუმბიამ მიიღო გადაწყვეტილება თავის სამხედრო ბაზებზე ამერიკელი სამხედროების შეშვების შესახებ.
"ამის სანაცვლოდ კი მოსკოში ეკვადორის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას ელიან", _ წერს გაზეთი ვედომოსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით და დასძენს, რომ "მოსკოვს მისცეს პირობა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეკვადორის ოფიციალური გადაწყვეტილება გახმოვანებული იქნება ეკვადორის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს".
"პირდაპირი მინიშნებები იმის შესახებ, რომ ეკვადორი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ყოფილა, თუმცა იმედი დამოუკიდებლობის აღიარებისა ეკვადორისა და ბოლივიის მხრიდან ძლიერია", _ განაცხადა "ვედომოსტისთან" საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა.