რაჭაში ხანძრის დარჩენილ ერთ კერას ისევ ებრძვიან. ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განახლდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით გაგოშიძემ განუცხადა, ვერტმფრენს ისევ გამოიყენებენ.
"ცეცხლი ამ დროისთვის ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ხანძარი რჩება სოფელ ჩორჯოდან რამდენიმე კილომეტრში, კლდოვან ფერდობზე, რომელიც მიუვალია. თუმცა, ფერდობის მიმდებარე ტერიტორია უკვე დამუშავებულია საიმისოდ, რომ იქ ხანძარი არ გავრცელდეს", - განაცხადა გაგოშიძემ.
მისივე განმარტებით, ცეცხლი უკიდია ბუჩქნარებს და წიწვოვან ტყეებზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით რაჭაში დღეს ისევ კარგი ამინდია.
რაჭაში ხანძარი თითქმის 10 დღის წინ გაჩნდა. მიზეზად დაუდევრობა სახელდება.